დროშები
სახელმწიფო დროშა ეროვნული დამოუკიდებლობის გამომხატველი სიმბოლოა.
ერის ისტორიაში მას უმნიშვნელოვანესი როლი და დანიშნულება ეკისრება.
ძველი ქართული სახელმწიფო დროშები ჩვენი ერის ისტორიული წარსულის
მრავლისმეტყველი დოკუმენტებია. ტერმინი „დროშა“ ქართულ წერილობით წყაროებში IX საუკუნიდან
გვხვდება, მაგრამ იგი უფრო ადრე უნდა გაჩენილიყო. დროშის ტარს ეწოდება „ძელი“ ან „ბუნი“,
ტარზე შებმულ ტილოს კი „ალამი“.
დროშები სხვადასხვაგვარი იყო. არსებობდა სახელმწიფო დროშა, საეკლესიო,
ლაშქრის (ლაშქრის ცალკეულ რაზმებსაც თავიანთი დროშები ჰქონდათ). სახელმწიფო დროშას
სამეფო დროშა ეწოდებოდა და იგი ძალაუფლების სხვა ნიშნებთან ერთად მეფისაგან ტახტის
მემკვიდრეს გადაეცემოდა. სახელმწიფო დროშას ქართველები სეფე-დროშასაც უწოდებდნენ. იგი
ორგვარი ყოფილა: დიდი დროშა და პატარა დროშა.
დიდი დროშა განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოჰქონდათ. მაგალითად,
მეფის კურთხევის ან დაქორწინების დროს, ლაშქრობებშიც მეფეს ეს სახელმწიფო დროშა მიჰქონდა.
პატარა დროშა აღმართული იყო მეფის სასახლის თავზე, ასევე, წირვალ-ლოცვების
დროს ტაძარში.
XI-XVI საუკუნეების ქართული საისტორიო წყაროები ქართულ სახელმწიფო
დროშას იხსენიებენ, როგორც „გორგასლიან და დავითიანს... ბედნიერად ხმარებულს, დროშას
სვიანს“. იგი იყო ერთიანი საქართველოს შემაკავშირებელი, მისი სიძლიერისა და სიამაყის
გამომხატველი. ეს დროშა ვახტანგ გორგასლის დროიდან მოდიოდა.
საქართველოს „გორგასლიანი და დავითიანი“ სახელმწიფო დროშა თეთრი
ფერისა ყოფილა, რომელიც წითელ ბუნზე იყო მიმაგრებული, ბუნი ჯვრის გამოსახულებით სრულდებოდა.
არსებობს ცნობა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო დროშაზე წმიდა გიორგის გამოსახულება
იყო აღბეჭდილი. ამ ცნობას იძლევა შუა საუკუნეების პოლონელი მოგზაური კოტოვიჩი, რომელსაც
უნახავს იერუსალიმში სალოცავად მოსული ქართველები, ქართული სახელმწიფო დროშით.
XIV საუკუნეში ბარსელონაში გამოქვეყნდა ერთი კატალონელი ბერის მიერ
შედგენილი მსოფლიო ქვეყნების ატლასი, სადაც ქართული დროშებიცაა აღწერილი. ამ აღწერილობით,
ქართული დროშის ალმის თეთრ ფონზე მთელ სიგრძე-სიგანეზე შინდისფერი ჯვრის სწორი ხაზებია
გამოსახული, რომელთა კუთხეებშიც ასევე პატარა ჯვრებია ჩახატული. სავარაუდოდ, ასეთი
დროშა XIII საუკუნიდან უნდა წარმოშობილიყო.
XIII-XIV საუკუნეებში თეთრი ალმის გვერდით ჩნდება შავიც. ფიქრობენ,
რომ იგი დავით ნარინმა შემოიღო დასავლეთ საქართველოში დამკვიდრების შემდეგ.
XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის პერიოდიდან
დროშათა ნარისახეობაც გამრავლდა. ქართლის სამეფო დროშა მოწითალო შინდისფერი გახდა.
დასავლეთ საქართველოში კი დამკვიდრდა თეთრი დროშა.

„გორგასლიანი და დავითიანი“ დროშა XIX საუკუნემდე არსებობდა და
იგი ქუთაისის სამეფო ზარდახანაში ინახებოდა. მე-19 საუკუნის დასაწყისში კი ახალციხის
ბრძოლის დროს იგი თურქებს ჩაუგდიათ ხელში და გაუტაცნიათ.
1801 წელს შეწყდა საქართველოს დამოუკიდებლობა. რუსეთმა აქ თავისი
მმართველობა დაამყარა და ქართულმა დროშამაც არსებობა შეწყვიტა. შეიქმნა თბილისისა და
ქუთაისის გუბერნიები, რომელთაც ეროვნული დროშის ნაცვლად რუსული საგუბერნიო დროშები
მისცეს.
მეფის რუსეთის ბატონობის 117 წლის შემდეგ, 1918 წლის 26 მაისს ქართველმა
ხალხმა დაიბრუნა სახელმწიფოებრიობა და თბილისში აღიმართა ეროვნული, სამფეროვანი (შინდისფერი
დროშა თავში შავი და თეთრი ზოლებით) დროშა. მაგრამ სულ მალე საქართველომ კვლავ დაკარგა
დამოუკიდებლობა და საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ რესპუბლიკად იქცა. მას თავისი, საბჭოთა
დროშა მისცეს. ეს იყო წითელი დროშა, ცისფერი ზოლითა და ცისფერი მზით, რომელშიც ნამგალი
და ურო იყო ჩახატული.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა.
სახელმწიფო დროშად კვლავ სამფეროვანი დროშა აღიარეს. დღეს კი სახელმწიფო დროშად აღდგენილია
ერთ-ერთი ძველი ქართული დროშა - თეთრ ალამზე ხუთი წითელი ჯვრით.
როგორც ისტორიკოსები ამბობენ, მოგზაურთა ჩანაწერები მნიშვნელოვან
წყაროებად გვევლინება ამა თუ იმ ქვეყნებისა და რეგიონების შესახებ, რომელსაც ხშირად
ეყრდნობიან მეცნიერები თავიანთ კვლევებში. მეცნიერული კვლევის პრეტენზია ნამდვილად
არ გვაქვს, მაგრამ დღევანდელ სტატიაში მკითხველს გვინდა გავაცნოთ რამდენიმე საინტერსო
ამბავი უცხოელი მოგზაური ქალბატონების შესახებ, რომლებმაც საქართველოში იმოგზაურეს
და საინტერესო ჩანაწერებიც გააკეთეს.
პირველი მოგზაური ქალი, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა და ამის
შესახებ ჩანაწერები დატოვა, ფრედერიკა ფონ ფრეიგანსი იყო. იგი თავის ქმართან ერთად
1811-1812 წლებში, ვლადიკავკაზის გავლით ჩამოვიდა საქართველოში. მის მეუღლეს ვილჰელმ
ფრეიგანს მინიჭებული ჰქონდა კონსულის წოდება და რუსეთის იმპერიის ალექსანდრე პირველის
დიპლომატიური მისიით მოგზაურობდა საქართველოში. მათ თან ახლდათ ორი მცირეწლოვანი შვილი.
ამ მოგზაურობის შესახებ ფრედერიკა ფონ ფრეიგანსმა წიგნიც გამოსცა, სადაც გადმოცემულია
მისი შთაბეჭდილებები საქართველოზე.
შემდეგი მოგზაური ქალი, რომელიც ხანგრძლივი დროით მოგზაურობდა საქათველოში,
ყოფილა ანა ლისტერი. მასზე ცნობებს გვაწვდის ინგლისელი ისტორიკოსი, საქართველოს ისტორიის
მკვლევარი დოქტორი ლანგი, რომელსაც ანა ლისტერზე ინფორმაცია ერთმა მკვლევარმა ქალბატონმა
მიაწოდა.
"ანა ლისტერმა მოგზაურობა დაიწყო 1840 წლის თებერვალში და
მეტწილად მისი მარშრუტი გახლდათ გაყინული ვოლგიდან მდინარე ასტრახანამდე. აქედან კი
ურმითა და კიდევ ღმერთმა იცის როგორ ამოჰყო თავი თბილისში... ისეთი წვრილმანები, როგორიც
საქონლის ფასები, აგრარული პროდუქტები და ა.შ. უფრო ნათლად წარმოჩენილია მასთან, ვიდრე
დიუმას სამოგზაურო წერილებში, რის გამოც, ეს ორი მოგზაურობა ძალზედ საინტერსო შედარებას
გვთავაზობს", - წერს დოქტორი ლანგი.
იგი მეორე ვერსიაზეც საუბრობს, იმაზე, რომ ანა ლისტერი და მისი
თანამგზავრი ან ვოკერი საქართველოში დარიალის ხეობიდან შემოვიდნენ, საიდანაც სამხედრო
გზის გავლით თბილისში ჩამოვიდნენ.
"იმ დროს გუბერნატორი გოლოვინი თბილისში არ იმყოფებოდა და
მოგზაურებს მისმა ცოლმა უმასპინძლა. ანაზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია პატრიოტ ალექსანდრე
ჭავჭავაძეს, ასევე გაუცნია მისი ქალიშვილები - ნინო და ეკატერინე.
"ანას ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელიც გაუცნია. მოუნახულებია
მრავალი სალოცავი. აღწერა მოგზაურობის მანძილი და პირობები და გააკეთა მრავალი ჩანახატი",
- წერს დოქტორი ლანგი.
მოგზაური ქალის კარლა სერენას შესახებ კი ასეთი ცნობები არსებობს.
იგი დაიბადა ბელგიაში, აღიზარდა საფრანგეთში, შემდეგ ცოლად გაჰყვა მდიდარ ვენეციელ
ლეონ სერენას. 54 წლის ასაკში კი იწყებს მოგზაურობას.
1874 წლიდან იგი მოგზაურობს შევედთში, სირიაში, ეგვიპტეში, ლიბანში,
საბერძნეთში, რუსეთში და თურქეთში. 1875 წელს კი მას კონსტანტინეპოლში რუსეთის კონსულმა
გენერალმა იგნატიევმა გააცნო გემ "ვესტას" კაპიტანი, რომელთან ერთადაც გამოემგზავრა
საქართველოში. აქედან აპირებდა ლონდონში გამგზავრებას, მაგრამ უამინდობის გამო ბათუმში
მოუწია გაჩერება.
სწორედ ამ პერიოდში ესტუმრა პირველად თბილისს, სადაც იგი მიიღო
კავკასიის მთავარმართებელმა, რომელმაც ურჩია, რომ საქართველო დაეთვალიერებინა.
კარლა სერენამ მოგზაურობა საქართველოში 1876 წელს დაიწყო. ესტუმრა
იმერეთს, შემდეგ ზუგდიდს, სამურზაყანოსა და აფხაზეთს. იმყოფებოდა გურიასა და კახეთში,
ასევე ბორჯომსა და ახალციხეში.
1881 წელს კარლა სერენა მეორედ ეწვია საქართველოს, მიზანი იყო სურათების
გადაღება, რომელიც უნდა დაერთო 1876-1878 წლებში საქართველოში მოგზაურობის ამსახველი
სტატიების საილუსტრაციოდ. ამისთვის მან საგანგებოდ შეისწავლა ფოტოგრაფია.
ასევე აკეთებდა ჩანაწერებს, რის მიხედვითაც დაწერა თერთმეტი სტატია,
რომელიც გამოქვეყნდა ფრანგულ ჟურნალ "ლე მონდში".
1880 წელს დაბეჭდილი პირველი სტატია ეხებოდა იმერეთში მოგზაურობას,
მეორე და მესამე სტატიებში, რომლებიც დაიბეჭდა ერთი წლის შემდეგ, აღწერილი იყო სამეგრელოში
და აფხაზეთში მოგზაურობა. ამავე წელს იბეჭდება მომდევნო სტატიები, ახლა უკვე კახეთზე
და საქართველოს სხვა კუთხეებზე.
სტატიებში ასევე აღწერილია ქართველ თავადაზნაურთა, სამღვდელობისა
და გლეხობის ყოველდღიური ცხოვრება. ჩანაწერები გაკეთდა ბათუმი-ფოთი-თბილისის დამაკავშირებულ
რკინიგზაზე. ასევე ინდო-ბრიტანულ სატელეფონო ხაზზე, რომელიც საქართველოს გავლით მოქმედებდა.
ჩანაწერებს აკეთებს ასევე საქართველოს ბუნებაზე, ისტორიაზე, მევენახეობაზე, საგანძურზე
და ა.შ.
1882 წლის 25 მარტის გაზეთ "დროების" 63-ე ნომერში კი
გამოქვეყნდა სტატია, სადაც ნათქვამია: "ცნობილმა მოგზაურმა კარლა სერენამ ორჯერ
იმოგზაურა ჩვენს ქვეყანაში. მოამზადა წიგნი, სადაც ვრცლად არის ნაამბობი და დასურათებული
მისი მოგზაურობა საქართველოში, წიგნი გამოიცემა პარიზში".
ფრანგული გაზეთი კი წერდა, რომ "დაუღალავი მოგზაური კარლა
სერენა ახლახან დაბრუნდა კავკასიიდან პარიზში და თან კავკასიის ბუნებისა და ხალხის
უამრავი სურათი ჩამოიტანა. ეს სურათები განთავსდება მის ლიტერატურულ ნაშრომში
"კავკასია", რომლის დაბეჭდვაც მან უკვე დაიწყო". ამბობენ, ამ მოგზაურობის
შემდეგ ლონდონის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ კარლა სერენას სთხოვა ჩაეტარებინა ლექციები
თავის მოგზაურობის შესახებ.
1919 წელს კი საქართველოს სამოგზაუროდ ეწვია თავგადასავლების მოყვარული
ჰოლანდიელი ქალბატონი უდეტ კეუნი, რომელმაც დიდხანს დაჰყო თბილისში და თავის ეთნოგრაფიულ
ნაშრომში ისიც აღწერა, თუ რა ხდებოდა იმ დროს დამოუკიდებელ საქართველოში.
შარდენის აზრით, “ქართველები მთელს აღმოსავლეთში და, შეიძლება ითქვას, მთელ მსოფლიოში საუცხოო ჯიშის ხალხია. ამ ქვეყანაში მე არ შემხვედრია არც ერთი უშნო ადამიანი, კაცი იქნება ეს თუ ქალი, ვხვდებოდი მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისებრ სახეებს. ქალების უმეტესობა ბუნებას ისეთი სინატიფით დაუჯილდოებია, როგორსაც ვერსად შეხვდებით. ვფიქრობ, შეუძლებელია მათ თვალი მოჰკრათ და არ შეგიყვარდეთ, ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახისა და ტანის დახატვაც კი შეუძლებელია.”
სტრაბონი: “არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არ ითვლება, რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე.”
მარკო პოლო: “ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან. მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამისი მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ბარს შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი აღება და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი). საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ.”
Комментариев нет:
Отправить комментарий